ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნა. ასეულის პირადმა შემადგენლობამ ბაზის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გამართა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, შემდეგ კი კოალიციური ძალების წარმომადგენლებისთვის ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი, ჩეხი, რუმინელი სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები.

სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.