ავღანეთში ნაღმის აფეთქებას ცხრა ბავშვი ემსხვერპლა
ავღანეთში ნაღმის აფეთქებას ცხრა ბავშვი ემსხვერპლა

ავღანეთში ნაღმის აფეთქებას ცხრა ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, თახარის პროვინციაში მოხდა. როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, როდესაც გზაზე დამონტაჟებული ნაღმი ამოქმედდა. დაღუპულების ასაკი 9-დან 12 წლამდე მერყეობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა აღნიშნულ რეგიონს მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს.

მას შემდეგ, რაც ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა რეგიონში რადიკალებზე თავდასხმები დაიწყეს, „თალიბანის“ მებრძოლებმა რეგიონის სხვადასხვა ადგილებზე ნაღმები დაამონტაჟეს. შედეგად აფეთქებებს მშვიდობიანი მოსახლეობა ხშირად ეწირება.