ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც 28 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული სამხედროების საქართველოში გადმოყვანა, ნატო-ს სარდლობის გადაწყვეტილებით, ორ ეტაპად, 10 ივლისს და დღეს განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, 10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან რვა გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

„დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს – ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება. ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „კოვიდ-19“ არ უდასტურდებათ.

სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოში ჩამოფრენამდე, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში. სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მაღალ დონეზე შეაფასა. ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის. აღსანიშნავია, რომ მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების დრო დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე.

აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების გატარებას, რომელიც თავდაცვის ძალებსა და, ზოგადად, ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი