ავღანეთში, მეჩეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
ავღანეთში, მეჩეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

ავღანეთში, მეჩეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ჰასკა მეინას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთზე პარასკევის ლოცვის დროს განხორციელდა. მეჩეთის შიგნით დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შემდეგ შენობის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეგიონში მოძრაობა „თალიბანის“ და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები თავდასხმებს საკმაოდ ხშირად ახორციელებენ.

გაერო-ს მონაცემებით, 2019 წელს, რეგიონში მომხდარი თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 2 500 ადამიანი დაიღუპა, 5 600 კი, დაშავდა.