ავღანეთში, ბაზა „მარმალზე“ ქართულ ქვედანაყოფებს შორის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა
ავღანეთში, ბაზა „მარმალზე“ ქართულ ქვედანაყოფებს შორის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ ქართულ ქვედანაყოფებს შორის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო დროშა II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს გადააბარა. დღეიდან, II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო და მომდევნო 7 თვის განმავლობაში ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ღონისძიებას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ვოლფ-იურგენ შთალი და კოალიციური ძალების მაღალი რანგის ოფიცრები და სერჟანტები დაესწრნენ.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ, ტაქტიკური დაჯგუფება მულტინაციონალური მხარდაჭერის ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიქაელ ლაბსხიმ და IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის მეთაურმა, მაიორმა გოგა ნოზაძემ სიტყვით მიმართეს. მათ IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და მისიაში ჩართულ ახალ ქართულ ქვედანაყოფს სამომავლოდ წარმატება უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში, IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლებით და მისიაში ღირსეული და გამორჩეული მსახურისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიას იანვრიდან ასრულებდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია უდანაკარგოდ და წარმატებით დაასრულა.