ავღანეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მუსლიმთა დღესასწაულის დღეებში „თალიბანთან“ ცეცხლი დროებით შეწყდება

13:47, 07.06.2018

ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბანთან“ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. აშრაფ ღანის განცხადებით, გადაწყვეტილება მუსლიმთათვის წმინდა რამადანის თვის დასასრულს და ურაზ-ბაირამის დღესასწაულს უკავშირდება.

ავღანეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 11-დან 20 ივნისამდე იმოქმედებს.

„ცეცხლის შეწყვეტა არის შანსი თალიბებისთვის გააცნობიერონ, რომ მათი ძალადობრივი კამპანია გულებსა და გონებას ვერ მოიგებს, არამედ მათი იდეებისგან ავღანელი ხალხის კიდევ უფრო მეტად გაუცხოებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია აშრაფ ღანის განცხადებაში.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში, საბრძოლო მოქმედებები ჩერდება მხოლოდ „თალიბანის“  მიმართულებით,  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კი ოპერაცია გრძელდება.

მსგავსი