ავღანეთის პრეზიდენტი ქალებს ბოდიშს უხდის
ავღანეთის პრეზიდენტი ქალებს ბოდიშს უხდის

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აჰმადზაი​ ქალის თავსაბურავთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის.

შაბათს აშრაფ ღანი აჰმადზაიმ ოპონენტების ბრალდებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მისი მთავრობის რამდენიმე წევრი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული. მაშინ ავღანეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრალმდებლებს ან მტკიცებულებები უნდა წარმოედგინათ, ან ქალის თავსაბურავი მოეხურათ.

ამ განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა. სხვადასხვა წრეებში პრეზიდენტის გამოსვლა სექსისტურად შეაფასეს.
აშრაფ ღანი აჰმადზაიმ მოგვიანებით ქალების წინაშე ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

ავღანეთის პრეზიდენტის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშრაფ ღანი აჰმადზაი ქალთა უფლებების ერთგული დამცველია და მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული ამ კუთხით პრეზიდენტობის განმავლობაში. მის მიერ გამოყენებული გამოთქმა ჩადრის ტარების შესახებ კი, ფართოდ გავრცელებული გამოთქმაა, რომელსაც არასდროს ჰქონია მიზნად საზოგადოებაში ქალის უმნიშვნელოვანესი ადგილის შეურაცხყოფა.