ავღანეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ვალდებულება, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ხუთი ათასი თალიბი
ავღანეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ვალდებულება, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ხუთი ათასი თალიბი

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ვალდებულება, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ხუთი ათასი თალიბი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პატიმრების გათავისუფლებას აშშ-სა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ითვალისწინებს.

„ავღანეთის მთავრობას არ აქვს არანაირი ვალდებულება ხუთი ათასი პატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ეს არის ავღანელი ხალხის უფლება და ნება. ეს საკითხი შეიძლება ავღანეთში შიდა მოლაპარაკებების დღის წესრიგში შევიდეს, თუმცა ვერ იქნება წინასწარი პირობა ამ მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.

29 თებერვალს დოჰაში გაფორმებული შეთანხმება 10 მარტამდე ხუთი ათასი თალიბის გათავისუფლებას ითვალისწინებს, სანაცვლოდ „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობას ათასი ტყვე უნდა გადასცეს.

„აშშ-ს არ აქვს უფლება, ეს გადაწყვიტოს, ის მხოლოდ შუამავალია“, – განაცხადა ღანიმ.

დოჰაში გაფორმებული შეთანხმებით, ვაშინგტონმა 135 დღის განმავლობაში ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 13 ათასიდან 8600-მდე უნდა შეამციროს. ამის პარალელურად, პროპორციულად უნდა შემცირდეს კოალიციური ძალების რაოდნეობაც. აშშ-ისა და ნატო-ს ძალების ავღანეთიდან სრულად გაყვანა კი 14 თვეში უნდა მოხდეს.