ავღანეთის ხელისუფლება მოძრაობა „თალიბანს“ აფრთხილებს
ავღანეთის ხელისუფლება მოძრაობა „თალიბანს“ აფრთხილებს

ავღანეთის ხელისუფლება რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „თალიბანს“ აფრთხილებს. როგორც გამოცემა „როიტერი“ წერს, იმ შემთხვევაში, თუ დაჯგუფება თავდასხმებს კვირის ბოლომდე არ შეწყვეტს, თავდაცვის რეჟიმში მყოფი ხელისუფლება, ახალი კვირის დასაწყისიდან იერიშზე გადავა. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა, ასადულა ხალიდმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ავღანეთის შეიარაღებული ძალები „თავდაცვით რეჟიმზე“ პრეზიდენტის განკარგულებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში იმყოფებიან, თუმცა, თუ აღნიშნულ შეთანხმებას მეორე მხარე არ დაიცავს, შეიარაღებული ძალები დაჯგუფების ობიექტებს მიზანში ამოიღებენ.

აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმებას თებერვლის მიწურულს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას ითვალისწინებს, დოჰაში გაიმართა. მას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაესწრო.

შეთანხმების თანახმად, 14 თვის განმავლობაში აშშ და ნატო ავღანეთიდან ჯარებს ბოლომდე გაიყვანენ. თავის მხრივ, „თალიბანმა“ პირობა დადო, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან.

სამშვიდობო პროცესის მეორე ფაზა, ავღანეთის მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს. თუმცა, თალიბანმა ავღანეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ოპერაციების განახლების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა.