ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა „თალიბანის“ 51 მებრძოლი მოკლეს
ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა „თალიბანის“ 51 მებრძოლი მოკლეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ მოძრაობა „თალიბანის“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 51 მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, განხორციელდა როგორც სახმელეთო ოპერაცია, ისე საჰაერო დარტყმები ქვეყნის ცხრა პროვინციაში. 51 მოკლული მებრძოლის გარდა, დაშავებულია 13 და დაკავებულია ექვსი პირი.

ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბალხის პროვინციის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, ავიადარტყმების შედეგად მოკლულია სულ მცირე სამი ქალი და ოთხი ბავშვი, რის გამოც პროვინციის გუბერნატორის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მთავრობა დემონსტრანტებს დაჰპირდა, რომ ოპერაციის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ.