ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა
ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, 17-წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადი, ქვედანაყოფის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, სამშობლოში დაბრუნდა. პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც ჩამოვიდა.

სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და დასავლეთის სარდლობის წარმომადგენლები. თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მშვიდობისმყოფელებს რთული და საპასუხისმგებლო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა და მის მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატო-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. 2015 წლის პირველი იანვრიდან, ავღანეთში, ნატო-ს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ. ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

დატოვე კომენტარი