ავღანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხო ევაკუაციაში საქართველოს როლზე უცხოურ მედიაში სტატიები გამოქვეყნდა
საქართველოს მიერ ავღანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხო ევაკუაციაში გაწეულ დახმარებას უცხოური მედია ეხმაურება.
ირლანდიურ ონლაინ გამოცემა Diplomat.ie-მა სტატია გამოქვეყნა სახელწოდებით: „ავსტრალია, საქართველო, ირლანდია, თურქეთი და უკრაინა არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ქაბულიდან მოქალაქეებისა და ავღანელების ჰუმანიტარული ევაკუაციის დროს გამოიჩინეს არნახული ძალისხმევა – დიპლომატიური და სამხედრო კოორდინაცია მისასალმებელია“.
როგორც სტატიაში წერია, „ცოტა რამ არის ნათქვამი საქართველოს როლზე ავღანეთში ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თუმცა, ის მნიშვნელოვანია“.
„საქართველომ, ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით, სწრაფად გადააკეთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ობიექტების ნაწილი ავღანეთიდან ევაკუირებულებისათვის- კვების, მომსახურების, სანიტარული საშუალებების, სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია სტატიაში.
ირლანდიური გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ნატო-ს პასუხი კრიზისზე. აქვე ნათქვამია, რომ ქართული შეიარაღებული ძალების როლმა, რამდენიმე დღეში 20–ზე მეტმა საევაკუაციო ფრენამ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტრანსფორმაციამ, კრიტიკული როლი შეასრულა ავღანეთის ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაში.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატებმა, საკონსულო თანამდებობის პირებმა და მათმა ძალისხმევამ დაამტკიცა, რომ საქართველო არის ღირსეული და ქმედითი პარტნიორი ნატო-ში მისი ტრანსატლანტიკური პარტნიორებისთვის, რაც უდავოდ იქნება აღიარებული როგორც ალიანსში გაწევრიანების მზადყოფნის მტკიცებულება“, – წერია სტატიაში.
საქართველოს მიერ ავღანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხო ევაკუაციაში გაწეული დახმარებას ნორვეგიული მედიაშიც მოჰყვა გამოხმაურება.
ჰუმანიტარულ მისიაში, საქართველომ ჰაბის ფუნქცია იტვირთა და თბილისის გავლით, ავღანეთიდან ევაკუირებული ნორვეგიის მოქალაქეებისა და სამხედროების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების გამგზავრება მოახდინა.
ნორვეგიულმა მხარემ საქართველოს საგარეო უწყების მიმართ მადლიერება გამოხატა ოპერატიული და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.
ნორვეგიულმა გამოცემებმა: Norway Today, VG, TV2, NRK, Dagensmedisin, Forsvaretsforum სტატიებში მაღალი შეფასება მისცეს ქაბულიდან ავიარეისების განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობასთან წარმატებულ თანამშრომლობას.
აღნიშნულია, რომ ნორვეგიელ ჯარისკაცებთან ერთად, თბილისში, სატრანზიტო საქმიანობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი პოლიციის ორგანოები და ჯანდაცვის პერსონალი. სტატიებში ასევე გამოქვეყნდა ნორვეგიელი სამხედროების შთაბეჭდილებები და შეფასებები ევაკუაციის პროცესებთან დაკავშირებით. მაიორმა ლარს კრისტიან სანდვიკმა, ნორვეგიის თავდაცვის ფორუმს, სადაც გამოქვეყნდა ინფორმაცია North Brigade-ის ჯარისკაცების თბილისიდან ნორვეგიაში დაბრუნების შესახებ, განუცხადა, რომ საქართველოსგან მიიღეს გამორჩეული მხარდაჭერა.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ნიდერლანდური მედია DIPLOMAT magazine აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: „საქართველოს როლი ავღანეთიდან ევაკუაციაში“.
სტატიაში ხაზგასმულია ქართული მხარის აქტიური მონაწილეობა ნატოს მისიებში. ასევე ნათქვამია, რომ „დღეს, როდესაც ავღანეთში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე, საქართველო კვლავ აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული და ევაკუაციის პროცესების მართვაში.“
„ნიდერლანდების საელჩო საქართველოში, მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და აეროპორტის ხელმძღვანელობას შესანიშნავი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს როლთან დაკავშირებული სტატიების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.