ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, „თალიბანისა“ და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართა
ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, „თალიბანისა“ და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართა

ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, „თალიბანისა“ და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ისა და „თალიბანის“ წარმომადგენლები დოჰაში შეხვდნენ ერთმანეთს. ოფიციალური პირების ცნობით, მოლაპარაკებები ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანეთში არსებული ექსტრემისტული დაჯგუფებები და აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაცია.

აშშ-ის მტკიცებით, შეხვედრა არ ნიშნავს „თალიბანის“ აღიარებას.

„თალიბანის“ მიერ დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, ამირ ხან მუთაქის განცხადებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ დაიცავს 2020 წელს ხელმოწერილი დოჰას შეთანხმების პირობებს. გარიგება მოიცავს „თალიბანის“ ფართო ვალდებულებებს, მიიღოს ზომები, რათა თავიდან აიცილოს ქვეყანაში ისეთი ჯგუფების არსებობა, როგორიცაა „ალ-ქაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“.

მუთაქის თქმით, აშშ მათ დახმარებას გაუწევს კოვიდვაქცინების და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი შაბათის მოლაპარაკებების დეტალებზე, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ ოფიციალური პირები შეხვედრას „თალიბანზე“ ზეწოლისთვის გამოიყენებენ, რათა ავღანეთში პატივი სცენ ქალთა უფლებებს, შექმნან ინკლუზიური მთავრობა და დაუშვან ჰუმანიტარული სააგენტოები.

ოფიციალური პირების განცხადებით, მოლაპარაკებები არის „თალიბანთან“ ურთიერთობის გაგრძელება ეროვნული ინტერესების საკითხებზე და არა დაჯგუფების მთავრობის ლეგიტიმურობის მინიჭებაზე.

მხარეებს შორის შეხვედრა კვირას გაგრძელდება.