ავღანეთიდან გუშინ გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე ბრიტანეთში, სამხედრო ბაზაზე იმყოფება და სამშობლოში გამომგზავრებას ელოდება
ავღანეთიდან გუშინ გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე ბრიტანეთში, სამხედრო ბაზაზე იმყოფება და სამშობლოში გამომგზავრებას ელოდება

ავღანეთიდან გუშინ გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე ამჟამად ბრიტანეთში, სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ამის შესახებ, საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ, მათთან იმყოფებიან ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

„დღეს, დილას ჩაფრინდნენ სამხედრო ბაზაზე. ვართ ამ 16 საქართველოს მოქალაქესთან კონტაქტზე. ასევე, მუდმივ კონტაქტზე ვართ ხსენებული სამხედრო ბაზის წარმომადგენლებთან და ბრიტანეთის მთავრობასთან. ყველა არის ჯანმრთელად და უზრუნველყოფილი აქვთ ყველანაირი პირობა. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ მათი თბილისში დროულად ჩამოყვანის მიმართულებით“, – აცხადებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა.

ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები გუშინ გამოფრინდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ იმყოფება.