ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესთან დაკავშირებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლები და თავდაცვის მდივანი კონგრესის წინაშე წარდგებიან
ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესთან დაკავშირებით, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი მარკ მილი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი გენერალი კენეთ მაქკენზი აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე წარდგებიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამხედრო მაღალჩინოსნები ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესთან დაკავშირებით დაიკითხებიან, რომელსაც ბევრი სენატორის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. გარდა ამისა, ამერიკელი გენერლები 29 აგვისტოს ქაბულში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული დარტყმის შესახებაც გამოიკითხებიან, რომლის შედეგადაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გენერალმა მაკენზიმ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული დარტყმა ტრაგიკული შეცდომა იყო.
მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკელთა მხრიდან განსაკუთრებით დეტალურად გამოიკითხება გენერალი მილი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ჩინელ სამხედროებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ჩინეთზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ. ავღანეთიდან აშშ-ის მოქალაქეებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია 31 აგვისტოს დასრულდა. ევაკუაციის პროცესის დროს, ქაბული აეროპორტზე „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერაქტი განხორციელდა, რომლის შედეგადაც 13 ამერიკელი სამხედროს და 169 ავღანელი დაიღუპა. გარდა ამისა, ქაბულის აეროპორტში შექმნილი ქაოტური ვითარების გამო, 20-მდე ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა მიზეზით.