„ავერსის“კლინიკების ქსელის მთავარი ეპიდემიოლოგი - რუსთავის ფილიალში ინფექციის გავრცელების მომატებული საფრთხე არ არსებობს
„ავერსის“კლინიკების ქსელის მთავარი ეპიდემიოლოგი - რუსთავის ფილიალში ინფექციის გავრცელების მომატებული საფრთხე არ არსებობს

„ავერსის“ კლინიკების ქსელის მთავარი ეპიდემიოლოგის, ეკა მამალაძის განცხადებით, „ავერსის“ კლინიკის რუსთავის ფილიალის სამი ექიმი, რომელთა ინფიცირების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ზემო აჭარაში, ექსკურსიაზე იმ ორ ექიმთან ერთად იმყოფებოდა, რომლებსაც კორონავირუსი მანამდე დაუდასტურდათ.

მისივე თქმით, მათთან ერთად მოგზაურობაში მყოფ სხვა ექიმებს ვირუსი არ დაუდგინდათ. ამასთან, როგორც მამალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხუთი ინფიცირებული ექიმიდან შვებულებიდან სამსახურში არც ერთი დაბრუნებულა, შესაბამისად, კლინიკაში ინფექციის გავრცელების მომატებული საფრთხე არ არსებობს.

ამასთან, მამალაძე აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს და ამ დროისთვის კლინიკაში უსაფრთხოების ყველა სტანდარტი დაცულია

„ამ დროისთვის კლინიკაში მუშაობას მხოლოდ ის ექიმები განაგრძობენ, რომელთა ტესტებიც კორონავირუსზე უარყოფითია. დროებით შეჩერებულია სტომატოლოგიური მომსახურება, ვინაიდან პაციენტსა და ექიმს შორის ახლო კონტაქტი არ იყოს. სწორედ ამიტომ, განყოფილებაში პაციენტებს ამ ეტაპზე არ იღებენ“, – განაცხადა მამალაძემ.