ავჭალაში „ორთაჭალჰესის“ მსგავსი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
ავჭალაში „ორთაჭალჰესის“ მსგავსი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში, ავჭალის დასახლებაში, მდინარე მტკვარზე „ორთაჭალჰესის“ მსგავსი ელექტროსადგურის – „დიღომიჰესის“ მშენებლობა იგეგმება.

საუბარია „თბილისი მოლის“ უკან, სავაჭრო ცენტრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარე ტერიტორიაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ეს იქნება 11.26 მეგავატი დადგმული სიმძლავრის, კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგური. პროექტის განხორციელებას შპს „ჯი ემ ჯი“ გეგმავს, 8 ნოემბერს კი, დაგეგმილია ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა.

როგორც შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ მომზადებულ მასალებშია აღნიშნული, პროექტით გათვალისწინებული არ არის სადერივაციო-სადაწნეო სისტემის (გვირაბი, მილსადენი) და დამოუკიდებელი სააგრეგატო შენობის მოწყობა.

„ჰესი წარმოდგენილი იქნება მდინარე მტკვრის გადამღობი დამბით, რომლის ერთ მხარეს მოეწყობა უქმი წყალსაგდები, ხოლო მეორე მხარეს – სააგრეგატო ნაწილი, სადაც დამონტაჟებული იქნება ჰიდროტურბინები და სხვა დამხმარე ჰიდრომექანიკური თუ ელექტრომოწყობილობა. საპროექტო „დიღომი ჰესი“ კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე არსებული „ორთაჭალჰესის“ მსგავს საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დატოვე კომენტარი