ავარიული მდგომარეობის გამო, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ავარიული მდგომარეობის გამო, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ბათუმის მე-16 საჯარო საჯარო სკოლა ავარიული მდგომარეობის გამო დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სკოლის შენობის მდგომარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის განათლების მინისტრთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აშენდება ახალი სკოლა, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო შესაბამისი პროცედურები კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ბათუმის N16 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი გადასულიყო დისტანციურ რეჟიმზე. სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში. ბათუმის მეთექვსმეტე სკოლის ადგილზე ახალი, 1 000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. გაიცა შესაბამისი დავალებები, რომ უწყებებმა, მათ შორის აჭარის განათლების სამინისტრომ, უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოების დაწყება“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმში ამ ეტაპზე მიმდინარეობს N6 სკოლის დამატებითი კორპუსის და ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლის მშენებლობა. მიმდინარე წელს დაიწყება ბათუმის N15 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა.