თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე კიდევ 120 ბავშს დააფინანსებს
2018 წელს დაგეგმილია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ბიუჯეტის გაზრდა.
ამის შესახებ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, 2018 წლიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, ქვეპროგრამით მოსარგებლე და მომლოდინე ბავშვების მშობლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.
მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში, დღეისათვის, უწყვეტ რეჟიმში 700 ბავშვი იღებს მომსახურებას და თითოეულს თბილისის მერია, ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს.
„მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების გაჩენის შემდეგ, 2018 წლიდან დამატებით 120 ბავშვის დაფინანსების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეპროგრამაში მოსარგებლეების ჩართვა ეტაპობრივად მოხდება.
მისი თქმით, ქვეპროგრამაში ახალი მოსარგებლეების ჩართვისას უპირატესობა მიენიჭება მომლოდინეთა რიგში მყოფ ასაკით ყველაზე პატარას.
ქვეპროგრამის დაწყებიდან, 2015 წლის ივლისიდან, მისი ბიუჯეტი 6-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 3 300 000 ლარი იქნება.
მერიის ინფორმაციით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისში რეგისტრაციის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები.