აუტიზმის მქონე ბავშვების კბილებში 19 პოტენციურად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

16:11, 09.10.2026

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ განუწყვეტლივ ვსწავლობ აუტიზმის გამომწვევ მიზეზებს, გენეტიკური ფაქტორების გარდა, უკვე არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები რომლებიც ამ მდგომარეობას გარემო ფაქტორების ზემოქმედებას უკავშირებს.

ბოლო წლებში გამოვლინდა მთელი რიგი გარემოებითი რისკფაქტორები და მართალია, მეცნიერებს ჯერ არ დაუმტკიცებიათ, რომ ამ მდგომარეობას კონკრეტული აგენტები იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მეტი შევიტყოთ იმ პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების შესახებ, რომლებიც, როგორც ჩანს, ამ დარღვევასთან არის დაკავშირებული.

ამ კონტექსტში ერთი გამოწვევა ისაა, რომ მრავალი კვლევა ქიმიურ ზემოქმედებებს ზომავს სისხლის ან შარდის ნიმუშებში, რომელთაგან ორივე მოკლევადიან ფანჯარას გვთავაზობს (ზოგჯერ სულ რამდენიმე საათიანს) ნიმუშებში ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირებისთვის, ვიდრე მათი კვალი გაქრება.

ჟურნალ Neurotoxicology and Teratology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ამის ახალი გზა იპოვეს – ბავშვის სარძევე კბილების ანალიზი, როგორც ქიმიურ ნივთიერებებთან ზემოქმედების გრძელვადიანი ჩანაწერი; ეს ნივთიერებები კბილების ფორმირების პროცესში გროვდება და შესაძლოა, მათი ქიმიური კვალი ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნდეს.

„კბილებში აღიბეჭდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებული ჯამური ზემოქმედება, მაშინ როდესაც სისხლის ან შარდის ნიმუშები მხოლოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთს ასახავს. ჩვენ ორივე გვესაჭიროება“, — ამბობს კვლევის ავტორი, სან-ანტონიოში ტეხასის უნივერსიტეტის გარემოებითი მეცნიერი ლინ ჰელიბრუნი.

საპილოტე კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს ოჯახების მიერ გადაცემული 38 ბავშვის სარძევე კბილები; მათგან 22-ს აუტიზმი ჰქონდა, დანარჩენი 16 კი საკონტროლო ჯგუფის ფუნქციას ასრულებდა.

ბავშვის კბილები, რომლებსაც დაახლოებით 6-დან 12 წლამდე ასაკში იცვლიან, ძირითადად ინახავს ქიმიურ ნივთიერებებთან ზემოქმედებას ნაყოფის განვითარების მეოთხე თვიდან — როდესაც საშვილოსნოში სარძევე კბილების ფორმირება იწყება — დაახლოებით სამი წლის ასაკამდე, როდესაც კბილების ფორმირების პროცესი სრულდება.

„ორსულობის პერიოდში არსებობს ზემოქმედების რამდენიმე კრიტიკული ეტაპი — განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, — თუმცა ეს ყველაფერი ამით არ შემოიფარგლება. ცენტრალური ნერვული სისტემა დაბადებიდან დაახლოებით 25 წლის ასაკამდე განაგრძობს განვითარებას“, — ამბობს ჰელიბრუნი.

დონაციით მიღებული კბილების გასუფთავებისა და მომზადების შემდეგ, მკვლევრებმა კბილები შეისწავლეს აირის ორგანზომილებიანი ქრომატოგრაფიისა და ე. წ. ფრენის დროის მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით. ეძებდნენ პესტიციდებში, პლასტმასებში, არომატიზატორებში, ცეცხლგამძლე დანამატებსა და მზისგან დამცავ საშუალებებში (და სხვა პროდუქტებში) გამოყენებული ქიმიური ნაერთების კვალს.

საშუალოდ, შედეგებმა აჩვენა 300-ზე მეტი ტოქსიკანტი კბილის თითოეულ ნიმუშში, თუმცა, ყველა ტოქსიკური ნივთიერება თითოეულ ბავშვში არ აღმოჩენილა.

მას შემდეგ, რაც ფოკუსირდნენ იმ 60 ნაერთის ანალიზზე, რომლებიც ბავშვების სულ მცირე ნახევარში იყო წარმოდგენილი — მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით ორი მესამედი (39) ცნობილი ნივთიერებები იყო, რომლებიც EPA-ს მიერ კლასიფიცირებული იყო, როგორც განვითარების ან რეპროდუქციული ტოქსიკური საშუალებები ან ენდოკრინული სისტემის დამრღვევი ნაერთები.

ამ 60 ნაერთიდან, აბსოლუტური უმეტესობა (95 პროცენტი) მაღალი კონცენტრაციით აღმოჩნდა აუტიზმის მქონე ბავშვების კბილებში, თუმცა გამოვლენილი განსხვავებებიდან მხოლოდ 19-მა დააკმაყოფილა სტატისტიკური მნიშვნელოვანების კრიტერიუმი.

შემჩნეული სხვაობებიდან ზოგიერთი დრამატული იყო, თუმცა, ერთ-ერთი ქიმიური ნივთიერება — ბენზილბენზოატი (რომელიც გამოიყენება პირადი ჰიგიენის საშუალებებში, საკვები დანამატის სახით და ტილებისა და მუნის სამკურნალო საშუალებებში) — აუტიზმის მქონე პირთა ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 722%-ით მაღალი კონცენტრაციით გამოვლინდა.

„იმ შემთხვევებში, სადაც აღნიშნული ნაერთების შემცველობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო, შედიოდა: OPE-ები, ბენზოის მჟავები და მათი ეთერები, ფენილპროპანები, ფთალატები, სალიცილატები, ეთერები, არომატული კეტონები და კაპროლაქტამი“, — განმარტავენ მკვლევრები.

„აღსანიშნავია, რომ სარძევე კბილებში აღმოვაჩინეთ 11 ისეთი ნაერთი, რომელთა შესახებ ადრე უკვე იყო ცნობილი, რომ ისინი ჩვილის ბოთლის კომპონენტებიდან გადადის… ეს ტოქსიკანტები, ჩვილის სხვა მრავალი პროდუქტიდან გადმოსულებთან ერთად, სურსათთან კონტაქტში მყოფი მასალებთან, PEX-ის მილებთან და შენობის შიდა მოწყობის ელემენტებთან ერთად იმ ნაერთებს შორის იყო, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოვლინდა როგორც შესასწავლ ჯგუფში, ისე საკონტროლო ჯგუფში“.

კვლევის შედეგები არ არის იმის დემონსტრირება, რომ რომელიმე ეს ქიმიური ნივთიერება აუტიზმს იწვევს; მკვლევრები აცნობიერებენ იმასაც, რომ ეს მხოლოდ პატარა, საპილოტე კვლევაა.

მიუხედავად ამისა, არსებული მონაცემები შემაშფოთებელია; მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გამოვლენილი ტოქსიკური ნივთიერებების დიდი ნაწილი სამიზნედ ტვინს, ღვიძლსა და მიტოქონდრიებს ირჩევს.

„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ბავშვები ქრონიკულად და განმეორებით განიცდიან ისეთ ნივთიერებათა ზემოქმედებას, რომლებიც აფერხებს განვითარებას და რომელთა სპექტრიც უფრო ფართოა, ვიდრე ეს მოკლევადიანი ზემოქმედების კვლევებით იყო აქამდე დადგენილი“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ბავშვის ბოთლებიდან, საწოვრებიდან, საკვების შესაფუთებიდან და PEX წყლის მილებიდან გამოჟონილი ტოქსიკური ნივთიერებები ზემოქმედებს ჩვილებზე საკვების მომზადებისას გამოყენებისა და პლასტმასის პროდუქტების ყოველდღიური გამოყენების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ ორსული და მეძუძური ქალები ზრდიან საკვებისა და წყლის მოხმარებას, დედის ზემოქმედება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანია.

ავტორები აღნიშნავენ, რომ საკითხის შემდგომი შესწავლისთვის საჭიროა მომავალი კვლევები — მათ შორის, მეტი კვლევა კბილის ნიმუშებზე, რათა მეტი გავიგოთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ახდენდეს ეს ქიმიური ნივთიერებები გავლენას ბავშვებში აუტიზმის განვითარების რისკზე.

„ამ ქიმიური ნივთიერებებისგან თავის არიდება პრევენციის მიზნით — განსაკუთრებით ორსულებსა და მცირეწლოვან ბავშვებში — საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Neurotoxicology and Teratology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.uthscsa.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი