აუქციონზე გაიყიდება მაისური, რომლითაც დიეგო მარადონამ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე ინგლისთან ითამაშა და ორი ლეგენდარული გოლი გაიტანა #1TVSPORT
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას მაისური, რომლითაც მან ორი ლეგენდარული გოლი გაუტანა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს, აუქციონზეა გამოტანილი, – იტყობინება ტელეკომპანია CNN.
ინგლისის წინააღმდეგ მეოთხედფინალში (2:1) მარადონამ ჯერ ხელით გაიტანა გოლი და ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ცენტრიდან დაწყებული სოლორეიდი დაასრულა და ამ გოლს „ასწლეულის გოლი“ უწოდეს.
35 წლის განმავლობაში ამ მაისურის მფლობელი იყო ინგლისის ნაკრების მაშინდელი ნახევარმცველი სტივ ჰოჯი, რომელსაც მატჩის შემდეგ მარადონამ მაისური გაუცვალა. სხვათა შორის, პირველი გოლის დროს, სწორედ ჰოჯმა ააგდო ბურთი ჰაერში, რომელიც მარადონამ ხელით შეაგდო წინ გამოსული პეტერ შილტონის კარში.
„ამაყი ვარ იმის გამო, რომ ამ ნივთის მფლობელი ვიყავი 35 წლის განმავლობაში. ჩემთვის აბსოლუტური პრივილეგია იყო ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში.
ამ მაისურს ძალიან ღრმა კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია საფეხბურთო სამყაროსთვის, არგენტინელი და ინგლისელი ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ, ახალი მფლობელი ძალიან ამაყი იქნება იმით, რომ ყველაზე საკულტო საფეხბურთო მაისური შეიძინა“, – განაცხადა ჰოჯმა.
ვარაუდობენ, მაისურის საბოლოო ფასი ოთხ მილიონ ფუნტს გადააჭარბებს. მსოფლიოს რეკორდი ეკუთვნის „ნიუ იორკ იანკის“ ლეგენდარულ ბეისბოლისტს ბეიბ რუთს, რომლის მაისურიც აუქციონზე 4.3 მილიონ ფუნტად გაიყიდა.