„აუდიტორია 115“ - ის წევრების სასამართლო პროცესი 20 აპრილისთვის გადაიდო
„აუდიტორია 115“ - ის წევრების სასამართლო პროცესი 20 აპრილისთვის გადაიდო

„აუდიტორია 115“ – ის ადმინისტრაციული წესით დაკავებული წევრების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ადვოკატებმა მასალების გაცნობის მიზნით, პროცესის გადადება მოითხოვეს.

საუბარია იმ მასალებზე, რომლებიც სამართალდამცველებმა სასამართლოს წარუდგინეს, მათ შორის დისკი, სადაც პარლამენტთან „აუდიტორია 115“- ის წევრების დაკავებაც არის ასახული.

გუშინ დაკავებულმა ხუთივე პირმა სასამართლო უკვე დატოვა. ისინი აცხადებენ, რომ კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას შრომითი უფლებებისთვის და ამ მიმართულებით ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„აუდიტორია 115“ – ის ხუთი წევრი გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გზის გადაკეტვა სცადეს და პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

საგამოძიებო უწყება ხუთივე მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, რაც სანქციის სახით ჯარიმას ან 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.