აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის დელეგაციის წევრებმა რიგაში შეხვედრები გამართეს
აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის დელეგაციის წევრებმა რიგაში შეხვედრები გამართეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის დელეგაციის წევრებმა რიგაში შეხვედრები გამართეს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ლატვიის აუდიტის სამსახურში გენერალურმა აუდიტორმა, ელიტა კრუმინამ მიიღო. გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ორი ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული უწყებების წარმომადგენლებმა სტრატეგიული დაგეგმვის, ხარისხის უზრუნველყოფის, შემოსავლების აუდიტსა და აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საპარლამენტო დელეგაციას ლატვიის სეიმმაც უმასპინძლა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკანონმდებლო ორგანოსა და უმაღლეს აუდიტორულ უწყებას შორის თავიანთ ქვეყნებში არსებული თანამშრომლობის გამოცდილება.

რიგაში სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ დელეგაცია  ჰელსინკში გაემგზავრა, სადაც ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ლატვიასა და ფინეთში სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში დაიგეგმა.

დელეგაციას პარლამენტის მხრიდან საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი ხელმძღვანელობენ.