აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „საქართველოს ფოსტის“ შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ვაჭრობაა 
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „საქართველოს ფოსტის“ შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ვაჭრობაა 

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „საქართველოს ფოსტის“ შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ვაჭრობაა. მონაცემები სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ხელმისაწვდომი.

2017 წლის მონაცემებით, შემოსავალმა პროდუქციის რეალიზაციიდან 34.6 მილიონი ლარი შეადგინა, საფოსტო მომსახურებიდან 26.2 მილიონი ლარი, ტვირთის გადაზიდვიდან კი – 16 მილიონი ლარი.

„შემოსავალი ვაჭრობიდან შედგება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ ჯიხურებში პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებისგან. ძირითადი სავაჭრო პროდუქციაა სიგარეტი, ლატარიის ბილეთები, პერიოდული გამოცემები, საკანცელარიო საქონელი და სხვა“, – წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ „საქართველოს ფოსტა“ ასრულებს საქართველო-ევროკავშირის  ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს საფოსტო მომსახურების მუდმივი მიწოდება საქართველოს ტერიტორიის ყველა პუნქტის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად.

„ზემოაღნიშნული ვალდებულების გათვალისწინებით დადგენილი ტარიფების გამო, საფოსტო მიმართულება ფინანსურად ზარალიანია, რაც ნაწილობრივ კომპენსირდება ვაჭრობიდან და გადაზიდვებიდან მიღებული მოგებით. მიუხედავად ამისა, 2017 წელს კომპანიას დაუფიქსირდა უარყოფითი ფინანსური შედეგი და ჯამურმა საოპერაციო ზარალმა 1.5 მილიონი ლარი შეადგინა“, – ნათქვამია დოკუმენტში.