აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 4-9 ოქტომბერს 506 ათას ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 4-9 ოქტომბერს 506 ათას ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 4-9 ოქტომბერს 506 782 ლარი შესწირეს. მონაცემები აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მსხვილ შემომწირველთა შორის არიან პარლამენტის წევრი იოსებ მაკრახიძე (50 ათასი ლარი); დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი არკადი კიშკო (40 ათასი ლარი); ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ქარცივაძე (50 ათასი ლარი); ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დავით ბალანჩივაძე (55 ათასი ლარი), დავით შალიკაძე (35 ათასი ლარი), ზვიად მუკუტაძე (50 ათასი ლარი) და თენგიზ წულაია (60 ათასი ლარი). სალომე ზურაბიშვილს 100 ლარი მედია-ჰოლდინგმა „ჯორჯიან თაიმზმა“ შესწირა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, აუდიტის სამსახურის ცნობით, „ევროპულმა საქართველომ“ 4-9 ოქტომბრის პერიოდში 19 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო, მათ შორის 15 ათასი ლარი – ირაკლი უგულავასგან.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებულმა თანხამ 7860 ლარი შეადგინა, „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კი 750 ლარი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1-3 ოქტომბერს საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. ამის გარდა, მან ბანკ „ქართუში“ 1 მილიონი ლარის სესხი აიღო.