აუდიტის სამსახური - ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 3.2 მილიონი ლარის პროექტები უხარისხოდ არის შესრულებული
აუდიტის სამსახური - ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 3.2 მილიონი ლარის პროექტები უხარისხოდ არის შესრულებული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები.

„სამუშაოების უმეტესობა, 6.3 მლნ ლარის პროექტები, განსაზღვრულ ვადებში არ დასრულდა, ხოლო 3.2 მლნ ლარის პროექტები შესრულებულია უხარისხოდ. გარდა ამისა, ზოგიერთი პროექტის განხორციელება გონივრულ ვადაში არ დაწყებულა, ასევე სრულად არ არის გამოყენებული სხვადასხვა დროს შეძენილი აქტივები“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის წყალმომარაგების მიზნით, არასაკმარისი თანხა გამოყო.

„მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია და გაწეულია მხოლოდ 210 ათასი ლარის ხარჯი. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება“ – აღნიშნულია დოკუმენტში.