აუდიტის სამსახური - თბილისში კონსერვაციის გარეშე 112 მშენებარე ობიექტია მიტოვებული
აუდიტის სამსახური - თბილისში კონსერვაციის გარეშე 112 მშენებარე ობიექტია მიტოვებული

თბილისში 2007-2015 წლებში კონსერვაციის გარეშე დაახლოებით 112 მშენებარე ობიექტია მიტოვებული. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის საქმიანობას შეეხება.

„მშენებელი ორგანიზაციების მიერ კონსერვაციის გარეშე მიტოვებულ ობიექტებზე, სავარაუდოდ, ირღვევა უსაფრთხოებისა და სანიტარიული დაცვის ნორმები. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ დაზიანდეს კონსტრუქციული ელემენტები, რაც გამორიცხავს სამშენებლო ღონისძიებათა შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას. კონსერვაციის გარეშე მიტოვებული შენობა-ნაგებობა საფრთხეს უქმნის მოსაზღვრე შენობებსა და ტერიტორიას. კონსერვაციის გარეშე მიტოვებული 112 მშენებარე ობიექტიდან, დაჯარიმდა მხოლოდ 12 სამშენებლო ორგანიზაცია. აუდიტის ობიექტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა) ვერ დაასაბუთა 112 სამშენებლო ორგანიზაციიდან, მხოლოდ 12 მათგანის დაჯარიმების მიზეზი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტების უმრავლესობაში მოსახლეობა ცხოვრობს.

„ზედამხედველობის სამსახურის მიერ ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტებიდან, 62 მიეკუთვნება მე-3 და მე-4 კლასის მშენებლობებს, რაც მოიცავს მრავალფუნქციურ ობიექტებსა და მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებს. აღნიშნულ ობიექტებზე პირველადი შემოწმებისას გამოვლინდა შეუსაბამობები, რის გამოც სამსახურმა არ მიიღო ექსპლუატაციაში, ხოლო დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორების დასადასტურებლად განმეორებითი შემოწმება არ განხორციელებულა. აღნიშნული ობიექტების უმრავლესობაში ცხოვრობს მოსახლეობა, რამაც შეიძლება ობიექტებით მოსარგებლე პირებს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.