აუდიტის სამსახური - შსს-ში არ არსებობს კრიტერიუმები, რომლებსაც საპატრულო მანქანები უნდა აკმაყოფილებდეს
აუდიტის სამსახური - შსს-ში არ არსებობს კრიტერიუმები, რომლებსაც საპატრულო მანქანები უნდა აკმაყოფილებდეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობს დადგენილი და დამტკიცებული კრიტერიუმები, რომელსაც საპატრულო ავტომანქანები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს გზებისა და სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით. ამაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.

უწყების ცნობით, 2017 წელს შსს-ს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ ტენდერის გზით განხორციელდა „შკოდას“ მარკის საპატრულო მანქანების შესყიდვა (ღირებულებით − 8,7 მილიონი ლარი), წინა პერიოდში კი (2014-2015 წლებში) შესყიდული იყო „ფორდის“ მარკის საპატრულო მანქანები.

„ფორდის ავტომანქანების შესყიდვა, თავის მხრივ, არაეკონომიური აღმოჩნდა და ამიტომ გადაწყდა მისი შკოდას მარკით ჩანაცვლება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა წლებში ჩატარებულ ტენდერებში ტექნიკური მახასიათებლები განსხვავებულია და შესაბამისობაშია ავტომანქანის კონკრეტულ მარკასა და მოდელთან, რაც ვერ უზრუნველყოფს მინიმალურ კონკურენციას.

აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლით გამოვლინდა, რომ SKODA-ს მარკის ავტომანქანები, რომელთა შესყიდვა 2017 წელს განხორციელდა, საპოლიციო საქმიანობისთვის მისაღები ხარისხის მარკაა, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. „თუმცა არსებობს განსხვავებული პრაქტიკაც“, – მითითებულია ანგარიშში.