აუდიტის სამსახური - სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ტენდერებში აღმოჩენილ დარღვევებში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება
აუდიტის სამსახური - სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ტენდერებში აღმოჩენილ დარღვევებში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, 2016-2017 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გამართულ ტენდერებში აღმოჩენილ დარღვევებში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება​.

აუდიტის სამსახურმა ამ პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულ სამუშაოებში სულ მცირე, 12-პუნქტიანი დარღვევები დააფიქსირა, დასკვნაში კი დაწერა, რომ მოქმედი კანონმდებლობით დარღვევები წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, შესაბამისად მნიშვნელოვანია შემდგომი რეაგირების მიზნით საკითხი შეისწავლონ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა.

აუდიტის დასკვნით, 2017 წლის აპრილში სამტრედიის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასფალტის დაგების სამუშაოების შესყიდვისთვის, სავარაუდო ღირებულებით 2,747.2 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა, შპს „ინდიკომ“, ღირებულებით – 2,720.6 ათასი ლარი და სს „არქეოპოლისმა“, ღირებულებით – 2,307.8 ათასი ლარი. დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს, სს „არქეოპოლისს“, სატენდერო კომისიამ მოსთხოვა ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება. პრეტენდენტმა დაგვიანებით წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რომელიც ასევე შეიცავდა გარკვეულ უზუსტობებს. აღნიშნულის გამო, სატენდერო კომისიამ მოახდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა შპს „ინდიკომ“, სს „არქეოპოლისზე“ 412.8 ათასი ლარით მეტი ღირებულებით. აუდიტორული პროცედურების შედეგად, ვლინდება, რომ აღნიშნულ შესყიდვაში მონაწილე პირები სავარაუდოდ მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არღვევდნენ აფიდავიტის პირობებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ ტენდერის გამოცხადების პერიოდში შპს „ინდიკოს“ 100% წილის მესაკუთრეა იოსებ გადელია და სს „არქეოპოლისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა დემურ გადელია, რომლებიც ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან, იოსებ გადელია არის დემურ გადელიას ძმის შვილი. აფიდავიტის პირობების დარღვევის რისკს ამყარებს ის გარემოებაც, რომ სს „არქეოპოლისს“ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილების გათვალისწინებით, ჰქონდა ყველანაირი რესურსი, დროულად და უზუსტობების გარეშე წარედგინა სატენდერო დოკუმენტაცია, რაც არ განუხორციელებია.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ უმსჯელიათ პრეტენდენტების მხრიდან აფიდავიტის შესაძლო დარღვევის საკითხებთან დაკავშირებით და არც შესაბამისი ღონისძიებები გაუტარებიათ. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ გამოავლინა შესაძლო აფიდავიტის პირობების დარღვევის რისკები და ხელშეკრულება გააფორმა პრეტენდენტთან, რომელმაც 412.8 ათასი ლარით მეტი ფასი დააფიქსირა დისკვალიფიცირებულ პრეტენდენტთან შედარებით. მოქმედი კანონმდებლობით აფიდავიტის მოთხოვნის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შემდგომი რეაგირების მიზნით საკითხი შეისწავლონ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა.