აუდიტის სამსახური - საჯარო უწყებების ნაწილი თანხებს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე ათავსებს
საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ნაწილი თანხებს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე ათავსებს. მიზანი კი, საპროცენტო შემოსავლების მიღებაა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას შეეხება.
დეპოზიტებზე თანხა 2017 წელს განთავსებული ჰქონდათ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“, „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“, „გამოცდების ეროვნულ ცენტრს“, „გარემოს ეროვნულ სააგენტოს“, „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს“, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს“, „ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს“ და „თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელს“.
„შესწავლილი 20 ორგანიზაციიდან, 8 უწყების მიერ 2017 წლის დასაწყისში კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 41.2 მლნ ლარს შეადგენდა, რაც წლის განმავლობაში არ გამოყენებულა, ხოლო წლის ბოლოს 64.4 მლნ ლარამდე გაიზარდა“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
ყველაზე მეტი მოცულობის თანხა დეპოზიტებზე „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ ჰქონდა განთავსებული. თუ წლის დასაწყისში თანხა 26 მილიონს შეადგენდა, წლის ბოლოს 41 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, 2017 წლის 29 დეკემბერს „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ 82 მილიონი ლარი ბიზნეს-სახლის პროექტის განსახორციელებლად ჩაერიცხა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხა სრული ოდენობით განთავსებულია ფონდის კომერციული ბანკის დეპოზიტზე (ერიცხება საპროცენტო შემოსავალი) და ამ დრომდე არ მომხდარა მისი მიმართვა შესაბამისი პროექტის განსახორციელებლად.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, მსგავს შემთხვევებში ფულადი რესურსი სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე მიიმართოს.
„მნიშვნელოვანია, მოხდეს საჯარო რესურსების ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენება, რაც გულისხმობს თავისუფალი თანხების მიმართვას კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო პროდუქტების შექმნის/მომსახურებების მიწოდების მიზნით, ისე რომ ხელი არ შეეშალოს სახელმწიფო უწყებების ქმედითუნარიანობასა და სტაბილურად ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.