აუდიტის სამსახური - საარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებმა 25 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
აუდიტის სამსახური - საარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებმა 25 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2018 წლის 1 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით 25 397 818 ლარი შეადგინა. გაწეული ხარჯი კი ამავე პერიოდში 24 711 584 ლარი იყო.

კანდიდატების შემოსავლების 60 პროცენტი შემოწირულობებზე მოდის, დანარჩენი თანხა კი საბიუჯეტო და მიზნობრივ დაფინანსებას მოიცავს.

მიღებულ შემოსავლებში პირველ ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც 13 868 807 ლარის შემოსავალი მიიღო. მეორე ადგილზე ერთიანი „ნაციონალური მოძრაობაა“ (კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე) 3 089 824 ლარით. 1 297 585 ლარის შემოსავალი მიღებული აქვს „ევროპულ საქართველოს“ (კანდიდატი – დავით ბაქრაძე). სხვა პარტიებისა და კანდიდატების შემოსავლები 1 მილიონ ლარზე ნაკლებია.

თითქმის იდენტური მონაცემები ფიქსირდება კანდიდატებისა და პარტიების ხარჯებში. პირველ ადგილზე სალომე ზურაბიშვილია (13 351 766 ლარი), მეორეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (3 003 625 ლარი), მესამეზე კი „ევროპული საქართველო“ (1 371 596 ლარი).