აუდიტის სამსახური - ქუთაისის აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობა ეკონომიკის სამინისტროს გამო გაჭიანურდა
აუდიტის სამსახური - ქუთაისის აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობა ეკონომიკის სამინისტროს გამო გაჭიანურდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობა ეკონომიკის სამინისტროს გამო გაჭიანურდა, – ამის შესახებ წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, რომელშიც 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობაა შეფასებული.

პროექტის განხორციელებაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. თუმცა, თანხის ათვისება ჯერ არ დაწყებულა.

„სამინისტროს განმარტებით, აუთვისებლობის მიზეზს წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პროექტის კონცეფციის შემუშავების გაჭიანურება“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მოხსენებაში.

აუთვისებელია თანხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის – „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ღონისძიებები“ ფარგლებშიც.

„პირველი სამი კვარტლის ჯამური გეგმა განისაზღვრა 950 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა, 8 თვის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნების ათვისება არ მომხდარა. 9 თვის გეგმიდან კი, 900 ათასი ლარი გადანაწილდა მეოთხე კვარტლის გეგმაში“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

დაბალია ათვისება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამაში – „ვისწავლოთ საქართველოში“. რვა თვის მონაცემებით ათვისებულია მხოლოდ 75 ათასი ლარი, რაც ცხრა თვის დამტკიცებული გეგმის 3.6%-ს და წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული გეგმის 2.7%-ს შეადგენს.

დაბალი ათვისების მქონე პროგრამებს და შესყიდვებს შორის შორის ასევე დასახელებულია „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა“, ლევილის მამულის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და დაცვის პოლიციისთვის უნიფორმების კომპონენტი.