აუდიტის სამსახური მეორე ტურის წინ საპრეზიდენტო კანდიდატების ხარჯებზე ინფორმაციას აქვეყნებს
აუდიტის სამსახური მეორე ტურის წინ საპრეზიდენტო კანდიდატების ხარჯებზე ინფორმაციას აქვეყნებს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ 2.5-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, – ირკვევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან.

ზურაბიშვილის საარჩევნო ხარჯმა 15-28 ნოემბრის პერიოდში 3 მილიონ 260 ათასი ლარი შეადგინა. აქედან სარეკლამო ხარჯი 2 მილიონ 882 ათასი ლარია (მათ შორის, სატელევიზიო რეკლამა – 2 მილიონ 512 ათასი ლარი). ამავე პერიოდში ზურაბიშვილმა 3 მილიონ 444 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც ძირითადი ნაწილი ფიზიკური პირების შემოწირულობა იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯებმა კი 15-28 ნოემბრის პერიოდში 1 მილიონ 257 ათასი ლარი შეადგინა. აქედან რეკლამაზე 916 ათასი ლარი დაიხარჯა (მათ შორის სატელევიზიო რეკლამა – 821 ათასი ლარი).

ოპოზიციური პარტიის შემოსავალმა 1 მილიონ 131 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 464 ათასი ლარი საბიუჯეტო დაფინანსება, 667 ათასი ლარი კი შემოწირულობა იყო.