აუდიტის სამსახური მარნეულის სოფლების წყალმომარაგების პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე საუბრობს
აუდიტის სამსახური მარნეულის სოფლების წყალმომარაგების პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე საუბრობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამისობის აუდიტში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგების პროცესში გამოვლენილ პრობლემებზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „მარნეულის სოფწყალის“ ხელმძღვანელი პირები არ/ვერ მოქმედებენ მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით.

მაგალითად, 17 სოფლის წყალმომარაგებას აღნიშნული კომპანია სოფელ იმირში მდებარე, შპს „სოგურისგან“ იჯარით აღებული სატუმბი სადგურის მეშვეობით ახორციელებს, რომლის წლიური საიჯარო გადასახადი 2012-2017 წლებში ყოველწლიურად იზრდებოდა. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ საიჯარო ქირის ზრდა 36 ათასიდან 180 ათას ლარამდე დაუსაბუთებელი იყო და მუნიციპალიტეტს უნდა ემოქმედა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2017 წელს მიიღო გადაწყვეტილება იჯარით აღებული სატუმბი სადგურის ჩანაცვლებაზე და სოფელ იმირში 488.4 ათას ლარად შესყიდვის ნებართვაზე ახალი სატუმბი სადგურისა და ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოებისთვის. თუმცა, სამუშაო დროულად ვერ დასრულდა და იჯარის ხელშეკრულება შპს „სოგურთან“ კიდევ ორი წლის ვადით გაგრძელდა.

„იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტს რამდენიმე თვეში უნდა დაესრულებინა საკუთარი სატუმბი სადგურის მშენებლობა, ყოველგვარ არგუმენტაციას მოკლებულია ხელშეკრულების ორი წლის ვადით გაფორმება“, – წერია დოკუმენტში.

იჯარის ხელშეკრულებას აუდიტის სამსახურში კაბალურად მიიჩნევენ, რადგან მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს სრული პერიოდის გადასახადის გადახდა უწევს. დოკუმენტში „კონკურენციის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევაზეც მიუთითებენ.

ანგარიშის კიდევ ერთი ნაწილი ოთხი სოფლის წყალმომარაგებისთვის შპს „რუსთავწყალისგან“ შეძენილ წყალს შეეხება. ირკვევა, რომ 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, შპს „რუსთავწყალისთვის“ გადახდილია 78.3 ათასი ლარი, თუმცა მოსახლეობისგან წყლის გადასახადის ამოღება არ განხორციელებულა.

საკითხის შესწავლით გამოვლინდა, რომ მილები ამორტიზებულია და მასში წყლის დანაკარგი შეადგენს დაახლოებით 80%-ს, ხოლო დანარჩენი 20% მილების დაზიანების გამო ბინძურდება. შედეგად, მოსახლეობას მიეწოდება ტექნიკური წყალი და აღნიშნულის გამო არ ხდება მოსახლეობისგან წყლის გადასახადის ამოღება.

აუდიტის დასკვნაში რიგ სოფლებში სასმელი წყლის დაბინძურების შემთხვევებზეა საუბარი. კერძოდ, სოფელ იმირის წყალში დაფიქსირდა ქლორის მომატებული შემცველობა, რომელიც 2.2-ჯერ აღემატება მის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. სოფლებში – ხიხანი, ალავარი, ბეგლიარი – გამოვლინდა სასმელი წყლის მიკრობული დაბინძურება.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2017-2018 წლებში შპს „მარნეულის სოფწყალისათვის“ გამოყოფილი ორი მილიონი ლარის ეფექტიანობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული.