აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

საწვავზე დახარჯული თანხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების კუთხით, აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, მუნიციპალიტეტის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული ტრანსპორტის რაოდენობას ეხება. ამ შემთხვევაში აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას ორჯერ აღემატებოდა.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის ექვსი სამორიგეო მანქანა იყო რეკომენდებული, თუმცა მუნიციპალიტეტი ბალანსზე რიცხული 12 ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობდა.

„2017-2018 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ბალანსზე რიცხული − 12 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით (2 განპიროვნებული და 10 სამორიგეო ავტომობილი) სარგებლობდა.

აღსანიშნავია, რომ სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების გარდა, მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად გასცემდა საწვავს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მფლობელობაში არსებულ 15 ავტომანქანაზე.

2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა გასწია 275.8 ათასი ლარის საწვავის ხარჯი. მათ შორის, მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 16.3 ათასი ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად დაშვებული ავტომანქანების ზღვრული ოდენობა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.