აუდიტის სამსახური - ხობის მუნიციპალიტეტმა ხიდების რეაბილიტაცია სწორად ვერ დაგეგმა
აუდიტის სამსახური - ხობის მუნიციპალიტეტმა ხიდების რეაბილიტაცია სწორად ვერ დაგეგმა

ხობის მუნიციპალიტეტმა ორგანიზაციულად სწორად და ლოგიკურად ვერ დაგეგმა და განახორციელა სოფელ საჯიჯაოში დაზიანებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შედეგად,  მოსახლეობა ობიექტებით ვერ სარგებლობს, გადაადგილდება შემოვლითი გზით და მდინარეზე მოწყობილი ფონით. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი.

ხობის მუნიციპალიტეტმა ხიდების რეაბილიტაციაზე ტენდერი 2017 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. ორივე ტენდერში შპს „ელიტ პროდაქშენმა“ გაიმარჯვა და 2017 წლის 6 დეკემბერს მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელთან ჯამური ღირებულებით 121. 5 ათასი ლარი ხელშეკრულებები გააფორმა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, სამუშაოების დაწყების შემდეგ მოსახლეობამ ერთ-ერთი ხიდის საფეხმავლო კონსტრუქციის შეცვლა მოითხოვა, მასზე მიკროავტობუსების მოძრაობის მიზნით. მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ხიდის სიგანე და ტვირთამწეობა გაეზარდა. ხიდის პარამეტრების შესაცვლელად საჭირო გახდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, რაც დროში გაჭიანურდა. საბოლოოდ კი, მხარეთა შეთანხმებით კომპანიასთან ხელშეკრულებები შეწყდა.

„მუნიციპალიტეტი შესყიდვის მიზნის მისაღწევად მოქმედებდა არათანმიმდევრულად, არაგეგმურად და მის გადაწყვეტილებებში, ზოგ შემთხვევაში, არ იყო დაცული სამეურნეო საქმიანობის ლოგიკური ჯაჭვი. კერძოდ, თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები, ხიდების კონსტრუქციული თავისებურებები და სხვა მოსალოდნელი სირთულეები. ამასთან, მოხდა ხიდის არსებული კონსტრუქციის პრივატიზება“, – წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა შესყიდვების პროცესში  30.9 ათასი ლარი არაეფექტიანად დახარჯა და შესყიდვით დაგეგმილ შედეგს ვერ მიაღწია, რაც  მოსახლეობას პრობლემას უქმნის.