აუდიტის სამსახური - იუსტიციის სახლის პარკინგის მოიჯარე ქირას ორი წელი არ იხდიდა
აუდიტის სამსახური - იუსტიციის სახლის პარკინგის მოიჯარე ქირას ორი წელი არ იხდიდა

იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ერთ-ერთი ნაწილი იუსტიციის სახლის პარკინგის საკითხს შეეხება.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ფასიანი ავტოსადგომის მოწყობის მიზნით სამწლიანი საიჯარო ხელშეკრულება შპს „ტრანს-პარკინგი 2016“-თან 2016 წლის 9 ივნისს გაფორმდა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, მოიჯარე ქირას სრულად იხდიდა მხოლოდ შვიდი თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომ სახელშეკრულებო პირობები დაარღვია.

„მოიჯარემ 2016 წლის დეკემბერში საიჯარო ქირის გადახედვა ითხოვა, რაზეც იუსტიციის სახლისგან მიიღო უარი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამის შემდეგ ფასის ცვლილება კომპანიამ სასამართლოში შეტანილი სარჩელით მოითხოვა, იუსტიციის სახლმა კი, მოითხოვა გადაუხდელი საიჯარო ქირის, დარიცხული ჯარიმისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება − 389.87 ათასი ლარის ოდენობით.

ირკვევა, რომ იუსტიციის სახლმა სასამართლო დავის დაწყების შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა. „მიუხედავად ამისა, მოიჯარემ არ დატოვა სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია და ოპერირებას 2019 წლის ივნისამდე (სასამართლო პროცესის პარალელურად) ფაქტობრივად ორი წლის განმავლობაში, ახორციელებდა თანხის გადაუხდელად. 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, გადაუხდელი თანხა 530.9 ათას ლარს შეადგენს“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

2019 წელს იუსტიციის სახლის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა, რაც შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდა. აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ თანხის მიღების პროცესი შესაძლოა, დროში გახანგრძლივდეს და რისკის ქვეშ დადგეს.