აუდიტის სამსახური - გურჯაანის მოსახლეობის უმეტესობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, მუნიციპალიტეტს კი სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია
აუდიტის სამსახური - გურჯაანის მოსახლეობის უმეტესობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, მუნიციპალიტეტს კი სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია

გურჯაანის მოსახლეობის წყალმომარაგება ძირითადად ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო წყლით. მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 087 ოჯახიდან 21 444 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით. პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს მოიცავს.

ანგარიშში ასევე ხარვეზებით მოწყობილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი.

„ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო პროექტების განხორციელება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ცხრა ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 527.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. ასევე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაუსაბუთებლად და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რითაც დაკარგა 47.5 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა“,  – წერია დასკვნაში.