აუდიტის სამსახური - დაცვის პოლიციას შესყიდვებისას 333 ათასი ლარის ეკონომიის მიღება შეეძლო
აუდიტის სამსახური - დაცვის პოლიციას შესყიდვებისას 333 ათასი ლარის ეკონომიის მიღება შეეძლო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში 333 ათასი ლარის ეკონომიის მიღება ვერ მოხერხდა. საუბარია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სხვადასხვა აპარატურისა და მომსახურების შესყიდვაზე.

მაგალითად, ფეხსაცმლის შესყიდვის მიზნით დეპარტამენტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი – 720 ათასი ლარის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა: შპს „ნოვატორი“ – 676 ათასი ლარი; შპს „სანდიკო“ – 720 ათასი ლარი.

აუდიტის სამსახურის ცნობით, შპს „ნოვატორმა“ წარადგინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ყველა სხვა დოკუმენტი, ხოლო აკრედიტებული საკვლევი ორგანოს (ლაბორატორიის) დასკვნის წარსადგენად მოითხოვა კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი ხუთი დღე.

2016 წლის პირველ აპრილს, სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ შპს „ნოვატორის“ მიერ არ საბუთდებოდა ვადის გადაწევის ობიექტური მიზეზი და იგი დისკვალიფიცირებულ იქნა. შედეგად, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სანდიკო“ და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება.

აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ხუთდღიანი ვადის გადაწევა მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენდა შესყიდვის განხორციელების პროცესზე და არსებობდა შესაძლებლობა, რომ დეპარტამენტს დაეზოგა 44 ათასი ლარი.

დოკუმენტში საუბარია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ეკონომიის შესაძლებლობის სხვა ფაქტებზეც.