აუდიტის სამსახური - ცაგერში 2017 წლის სტიქიის შედეგები ლიკვიდირებული არ არის
აუდიტის სამსახური - ცაგერში 2017 წლის სტიქიის შედეგები ლიკვიდირებული არ არის

2017 წლის მაისში ცაგერის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმების შედეგად სტიქია მოხდა. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 425 000 ლარი საკმაოდ ოპერატიულად გამოყო, დაზიანებული ობიექტების აღდგენა დღემდე ჭიანურდება. ამის მიზეზი კი მუნიციპალიტეტის მიერ არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული შესყიდვაა.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მუნიციპალიტეტმა სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარებაზე შესყიდვა ერთი ტენდერის ფარგლებში გამოაცხადა, რითაც არ გაითვალისწინა სარეაბილიტაციო ობიექტების განლაგება, რაოდენობა და სირთულე, ასევე სამუშაოების ერთდროულად შესასრულებლად საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსი.

ტენდერში გაიმარჯვა შპს „ორბიტამ“, რომელსაც სამუშაოები 2018 წლის 31 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა. კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, სისტემატურად არღვევდა სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკს. 2018 წლის სექტემბერში მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

„შპს „ორბიტის“ მიერ წარმოდგენილი საგარანტიო ფურცელი აღმოჩნდა ყალბი, რის გამოც, მუნიციპალიტეტმა ვერ დაიბრუნა ავანსის სახით გადარიცხული თანხის ნაწილი − 23.3 ათასი ლარი. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტმა მიმართა პროკურატურას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში მუნიციპალიტეტმა დაყო სარეაბილიტაციო ობიექტები და გამოაცხადა რამდენიმე ტენდერი. კერძოდ, 48 ობიექტზე სამუშაოების შესასრულებლად გამოაცხადა 9 ტენდერი (ჯამური თანხა – 968 ათასი ლარი).