აუდიტის სამსახური - 2019 წელს სუს-ის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის პრემიისა და დანამატის მუხლებით ჯამურად გაცემულია 138 755 ლარი, ხელშეკრულებების პირობებით კი მსგავსი უფლებამოსილება განსაზღვრული არ არის
აუდიტის სამსახური - 2019 წელს სუს-ის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის პრემიისა და დანამატის მუხლებით ჯამურად გაცემულია 138 755 ლარი, ხელშეკრულებების პირობებით კი მსგავსი უფლებამოსილება განსაზღვრული არ არის

2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის პრემიის და დანამატის მუხლებით ჯამურად გაცემულია 138 755 ლარი, ხელშეკრულებების პირობებით კი მსგავსი უფლებამოსილება განსაზღვრული არ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს, რომელმაც სუს-ის 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში მოამზადა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გაცემული პრემიებისა და დანამატების შედეგად შედეგად, წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის „საქონლისა და მომსახურების“ მუხლიდან 138 755 ლარის პრემიისა და დანამატის გადახდის ფაქტი სახელშეკრულებო პირობებს არ შეესაბამება.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შრომის ანაზღაურების დარიცხვა წარმოებს ავტომატურად, სპეციალური პროგრამით, სადაც საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელს პირველადი მონაცემები მექანიკურად, ანუ ხელით შეაქვს, რაც შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში, მექანიკური შეცდომის რისკს ზრდის.

„პროგრამაში ინფორმაციის შეტანის დამოწმება სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ოფიციალურად არ ხორციელდება. აქედან გამომდინარე, შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში არსებობს მექანიკური შეცდომის რისკი, რომელსაც ვერ ფარავს შიდა კონტროლის არსებული მექანიზმები. დადგენილი არ არის სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ოფიციალური ფორმა, 33 არ არის შექმნილი შიდა კონტროლის დამატებითი მექანიზმები. სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ მონაწილეობენ თავიანთი თანამშრომლებისათვის ხელფასების დარიცხვის პროცესში, რაც მინიმუმამდე შეამცირებდა გათავისუფლებული თანამშრომლისთვის ან გარეშე პირისთვის ხელფასის დარიცხვის რისკს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც აუდიტის სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, 2017-2019 წლებში, სააგენტოში ჩატარებული ინვენტარიზაციების შედეგად გამოვლენილი იყო 1 013 495 ლარის ღირებულების დანაკლისი, საიდანაც აუდიტის მიმდინარეობისას მოძიებულია 621 012 ლარის დანაკლისად აღიარებული აქტივები, რომლებიც ჩაბარდა შესაბამის მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, დანაკლისის ნაწილის მოძიებასთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს მუშაობა. პრობლემატურია ინვენტარიზაციების შედეგებზე დროული რეაგირება, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში წინა წლის დანაკლისები მომდევნო წლის ინვენტარიზაციის მასალებშიც მეორდება. აქტივების მართვის ნაკლოვანებას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ სააგენტოს პროგრამებით უსასყიდლოდ სარგებლობს რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაცია ისე, რომ არ არის შემუშავებული გარკვეული კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შემსყიდველი, რათა ეს უკანასკნელი გათავისუფლდეს მომსახურების საფასურის გადახდისგან“, – წერია დოკუმენტში.