აუდიტის სამსახური - 2019 წელს ისეთი პროგრამების დაფინანსება იზრდება, სადაც წელს თანხების დაბალი ათვისებაა
აუდიტის სამსახური - 2019 წელს ისეთი პროგრამების დაფინანსება იზრდება, სადაც წელს თანხების დაბალი ათვისებაა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ბიუჯეტიდან დაბალი ათვისების მქონე პროგრამების იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე საუბრობენ. სამსახურის ცნობით, 2019 წელს მსგავსი პროგრამების დაფინანსება იზრდება, ან იგივე დონეზე ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს თანხების ათვისების კუთხით პრობლემებია.

მაგალითად, ქვეყნის ბრენდის განვითარების ღონისძიებებზე 2018 წელს 1.9 მილიონი ლარი გამოიყო, 8 თვეში თანხის ათვისებამ მხოლოდ 1 პროცენტი შეადგინა. 2019 წელს კი, ამ პროგრამაზე უკვე 2 მილიონი ლარის მიმართვა იგეგმება.

ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე წელს 11 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა თანხის ათვისება 8 თვის მონაცემებით არ დაწყებულა. 2019 წელს კი,  ბიუჯეტიდან ამ პროექტზე 20 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დაბალი ათვისების მქონე პროექტებს შორისაა: სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა; საბრძოლო მზადყოფნის ლოგისტიკური უზრუნველყოფა; მარკეტინგული და იურიდიული კონსულტაციების ხარჯი; დაცული ტერიტორიების განვითარება; ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერა; C ჰეპატიტის მართვა; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა; იმუნიზაცია და ა.შ.

დატოვე კომენტარი