აუდიტი - სოფელ ატენში წყალსადენის მოწყობის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი წყლის გარეშეა
აუდიტი - სოფელ ატენში წყალსადენის მოწყობის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი წყლის გარეშეა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური გორის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებულ პრობლემაზე მიუთითებს.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016-2018 წლებში სოფელ ატენის წყალსადენის მოწყობაზე 2.6 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის 14 თებერვალს ჩატარებული შემოწმებით კი,  აღმოჩნდა, რომ წყალი მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება შეფერხებით, ხოლო ნაწილს – საერთოდ არა აქვს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება 2018 წლის ნოემბრის შემდეგ, რაც გამოწვეულია წყლის მოცულობის შემცირებით. ეს კი, თავის მხრივ, უკავშირდება სოფელში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს და მიწისქვეშა წყალშემცველი ფენების დაზიანებას. მუნიციპალიტეტმა პრობლემის გასარკვევად 20 ათასი ლარი უკვე დახარჯა, შემდგომ სამუშაოებზე კი, დაახლოებით 200 ათასი ლარი უნდა გამოიყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო სოფელ ატენის წყალსადენის შესაძლო დაზიანების საფრთხე, ვერ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მისი თავიდან აცილება“, – წერია ანგარიშში.