აუდიტი - ფოსტაში შესყიდვების გეგმა 76-ჯერ, აეროპორტების გაერთიანებაში კი, 26-ჯერ შეიცვალა
აუდიტი - ფოსტაში შესყიდვების გეგმა 76-ჯერ, აეროპორტების გაერთიანებაში კი, 26-ჯერ შეიცვალა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით ნაკლოვანებაზე მიუთითებს. ორივე კომპანიაში 2017 წელს შესყიდვების გეგმა წლის განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა – „საქართველოს ფოსტაში“ 76-ჯერ, „აეროპორტების გაერთიანებაში“ კი – 26-ჯერ.

საბოლოოდ, ფოსტაში 2017 წლის ბოლოს დაზუსტებული გეგმა 18.4 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვას ითვალისწინებდა, ფაქტობრივმა ხარჯმა კი, 11.7 მილიონი ლარი შეადგინა (64 პროცენტი).

ამასთან, აეროპორტების გაერთიანებაში შესყიდვების გეგმამ 66 მილიონ 970 ათას ლარს მიაღწია, რაც პირველად გეგმაზე 41.8 მილიონი ლარით მეტია.

სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ორივე შპს-ს აუდიტი ერთი და იმავეს ურჩევს: ეფექტიანი მართვისა და ფინანსური რესურსის სწორად გასანაწილებლად, მნიშვნელოვანია, კომპანიამ სრულყოფილად გაითვალისწინოს დასაგეგმი წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვები.