ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის დროს სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული გარკვეული დაშვებების შესახებ ისაუბრა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო.
მისი თქმით, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა ასევე დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.
მისი თქმით, საქმიანობის შეჩერება არ ეხება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას.
„ასევე ელექტრო კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას; საქონლის, პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციას, თუ საცალო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების, წვდომის გარეშე; შეზღუდვები ასევე არ ეხება პრესის ჯიხურებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთან, პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ასევე გარკვეული დაშვებებია რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობასთან მიმართებაში და დასაშვებია მხოლოდ მიტანის ან პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებით შეძენის შემთხვევაში.