ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ განახლებული სივრცეებით მომხმარებლებს მალე დაუბრუნდება
შეკვეთილში მდებარე პარკი „ციცინათელა“ მომხმარებელს მალე დაუბრუნდება. Starring Georgia-ს ორგანიზებით, პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ სტუმრებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, კომფორტული და განახლებული სივრცეები დახვდებათ.
Starring Georgia-ს ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში განახლდება და შეიღებება გარე და შიდა ფასადები; განახლდება შემოსასვლელები და სალაროები; იცვლება ატრაქციონების დეტალები, მიმდინარეობს სამი ატრაქციონის სრული რესტავრაცია; შეიღებება ატრაქციონების ჯებირები; განახლდება და ტენტით გადაიხურება ატრაქციონების მოსაცდელი ზონები; განახლდება ატრაქციონების ოპერატორების ჯიხურები; შეიცვლება პარკის აუდიო-ვიზუალური კონცეფცია; სრულად აღდგება დინოზავრების პარკი; ახალი კონცეფციით სრულად განახლდება სამი კვების ობიექტი მაგიდებითა და სკამებით, ახალი მენიუთი და დიზაინით; კარტინგების ზონას ექნება ახალი ტრიბუნა და რვა ახალი მანქანა; პარკში დაირგვება ახალი მცენარეები, რომლებიც უფრო დიდ და მასშტაბურ გამწვანებას შექმნის; გამწვანების ნაწილის გარშემო, ჯამში, ორი ათასი მეტრის სიგრძეზე მოეწყობა სპეციალური დეკორატიული მოაჯირები; მიმდინარეობს სკამების რესტავრაცია; განახლდება ლამპიონები; შენდება ორი ახალი, კეთილმოწყობილი მოსაწევი ზონა; განახლდება ნაგვის ურნები; სუფთავდება და განახლდება სველი წერტილები; მკაცრდება პარკის უსაფრთხოების ზომები და, რაც მთავარია, „ციცინათელას“ განახლებული პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე.
პროექტზე მაქსიმალურად არის დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა.
„ვყიდულობთ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას და სამუშაო ჯგუფებიც ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული. დიზაინსა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობს კვალიფიციური ადგილობრივი ჯგუფი, რომელსაც Black Sea Arena-ზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ვცდილობთ, რომ გადავარჩინოთ და, გადაგდების ნაცვლად, მეორადი გამოყენება მოვუძებნოთ არსებულ ნივთებსა თუ მასალებს,“ – განაცხადა Starring Georgia-ს მენეჯერმა, ციცი იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 14.5 ჰექტარზე გადაჭიმული „ციცინათელა“ 2006 წლიდან ფუნქციონირებს, პარკში მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ადრე არ ჩატარებულა.