პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია 2018 წლის შეჯამებას აგრძელებს. ამჯერად, ATP-ის ოფიციალურმა გვერდმა, გასული სეზონის სენსაციები გამოარჩია.
2018 წლის მთავარ სენსაციად, ბერძენი სტეფანოს ციციპასის ტორონტოს „მასტერსზე“ პროგრესი მოინათლა . იმ მომენტისთვის 19 წლის ჩოგბურთელმა ზედიზედ ოთხი მოთამაშე დაამარცხა TOP10-დან: კევინ ანდერსონი (სამხრეთაფრიკა, 6), დომინიკ ტიმი (ავსტრია, 8), ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 10) და ალექსანდრ ზვერევი (გერმანია, 3). ბერძენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი ATP-ის ისტორიაში, რომელმაც ერთ ტურნირზე TOP10-ის ოთხი მოთამაშე დაამარცხა. კანადური ტურნირის ფინალში ის მაშინდელ პირველ ნომერთან, რაფაელ ნადალთან დამარცხდა.
წლის სენსაციების ჩამონათვალში, მეორე ადგილზეა ავსტრალიელი ტანასი კოკინაკისის, როჯერ ფედერერთან მაიამის „მასტერსის“ მეორე წრეში – 3:6, 6:3, 7:6 (7:4) მოგებაა. მესამე პოზიციაზეა ჰალეს ტურნირის ფინალი, რომელშიც ხორვატმა ბორნა ჩორიჩმა, ფედერერს მოუგო – 7:6 (8:6), 3:6, 6:2.