ATP Cup 2020. საქართველო-იაპონია - ალექსანდრე მეტრეველმა სამ სეტში წააგო
ATP Cup 2020. საქართველო-იაპონია - ალექსანდრე მეტრეველმა სამ სეტში წააგო

ავსტრალიის ქალაქ პერტში ATP Cup-ის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ატარებს საქართველოს ნაკრები. ამჯერად, ჩვენი გუნდის მეტოქე იაპონიის ნაკრებია.

პირველ მატჩში გუნდების მეორე ნომრებმა მიიღეს მონაწილეობა. მსოფლიოს 679-ე ჩოგანი ალექსანდრე მეტრეველი კლასიფიკაციის 121-ე ნომერს, გო სოედას ხვდებოდა.

იაპონელს ATP-ის ტურში გამოსვლის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ პირველი სეტი ქართველ ჩოგბურთელს დარჩა. მართალია, იაპონელი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ანგარიშით 1:3-ის შემდეგ, მეტრეველმა ორი ბრეიკის შესრულება შეძლო და პირველი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტიც სოედას ბრეიკით დაიწყო, თუმცა მეტრეველმა ძალიან მალე შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეექვსე გეიმი, რომელშიც იაპონელმა ისევ აიღო მეტოქის მოწოდება და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

მესამე პარტიაში სოედა უკვე სრულად ფლობდა ინიციატივას – მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის საშუალება არ მისცა, თავად კი ოთხი ასეთი შანსიდან ორი გამოიყენა და ორი საათი და 17 წუთი ბრძოლის შემდეგ, ანგარიშით 4:6, 6:3, 6:2 გაიმარჯვა.

მეორე შეხვედრაში გუნდების პირველი ნომრები შეხვდებიან ერთმანეთს – ნიკოლოზ ბასილაშვილი იოშიჰიტო ნიშიოკას წინააღმდეგ. პირველ ტურში ბასილაშვილმა ორ სეტში (4:6, 5:7) წააგო რაფაელ ნადალთან, ნიშიოკამ კი ანგარიშით 6:0, 6:1 გაანადგურა ურუგვაელთა ლიდერი პაბლო კუევასი.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველო ანგარიშით 0:3 დამარცხდა ესპანეთთან, იაპონიამ კი ასეთივე ანგარიშით მოუგო ურუგვაის.