ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრების პროცესს აჩქარებს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრების პროცესს აჩქარებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრების პროცესს აჩქარებს. სააგენტოს ინფორმაციით, ირანის მთავრობამ ნათანზში მდებარე ბირთვულ ობიექტზე ახალი ტიპის ცენტრიფუგები აამოქმედა, რაც მათ საშუალებას აძლევს, ურანი კიდევ უფრო სწრაფად გაამდიდროს და ამგვარად მიუახლოვდეს ნიშნულს, რომელიც საჭიროა ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ამის შესახებ განცხადება ვენაში გამართულ ბრიფინგზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბირთვული შეთანხმებით, რომელიც 2015 წელს გაფორმდა, ირანს აქვს უფლება, ურანი 3,67%-მდე გაამდიდროს. ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი, რომელიც ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას იძლევა, 90%-ს შეადგენს.

2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონი გავიდა ე.წ. ბირთვული შეთანხმებიდან და თეირანს ეკონომიკური სანქციების კვლავ დაუწესეს. საპასუხოდ ირანმა ე.წ. ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ეტაპობრივად თქვა უარი.

ე.წ. ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებები 2021 წლის აპრილში დაიწყო, თუმცა ირანის პრეზიდენტად ხისტი პოზიციის მქონე იბრაჰიმ რაისის არჩევის შემდეგ დიალოგი ჩიხში შევიდა. ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, სექტემბერში განახლდეს.