ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს არის
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს არის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს არის, – ამის შესახებ რაფაელ გროსიმ ფრანგულ „ლე მონდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ირანს აქვს საკმარისი მასალა არა ერთი, არამედ რამდენიმე ბომბის შესაქმნელად, ბირთვული იარაღი მას ჯერ არ აქვს. ეს ფაზლს ჰგავს: მათ აქვთ ელემენტები. ერთხელაც ისინი ამ ფაზლს ააწყობენ. ამას სჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ამისგან შორს არ არიან“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.

მისივე თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში, სააგენტოს დაკვირვებით, ირანი ამ სფეროში სწრაფად მიიწევს წინ.

აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას გროსიმ თქვა, რომ ნებისმიერი შეთანხმება აზრს მოკლებულია, თუ არ იარსებებს შემოწმებისა და მონიტორინგის დამოუკიდებელი სისტემა, რომლის უზრუნველყოფაც მხოლოდ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია.

„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ორმხრივ დიალოგში, მაგრამ ეს ჩვენთვის სულერთი არ არის. მოალაპარაკებებში მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, რომ ჩვენ უნდა გამოვთქვათ მოსაზრება შესაძლო შეთანხმების შესახებ, რადგანაც სწორედ ჩვენზე იქნება დამოკიდებული მისი შემოწმება. ამიტომ ჩვენ არაოფიციალურად უკვე გავცვალეთ მოსაზრებები“, – განაცხადა გროსიმ.

ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი დღეს თეირანში უნდა ჩავიდეს. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ირანი ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან.